
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა საბჭოს მეორე შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა, ოზურგეთში დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა საბჭოს მეორე შეხვედრას უმასპინძლეს.
შეხვედრის მიზანს, პროექტის “მწვანე გურია” ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეჯამება და ინფორმაციისა თუ რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე UNDP-ის, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელისა და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის წარმომადგენლებმა ENPARD IV- ის ფარგლებში მიმდინარე სოფლის განვითარების ინიციატივებიც განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ ENPARD IV პროგრამის ფარგლებში არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
ჰიბრიდულ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერი – ქეთევან ხუციშვილი, გურიის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.