Skip links

ოზურგეთის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, გურიის მხარეში მდებარეობს. მას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით – ჩოხატაური, ჩრდილოეთით კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 675 კმ²-ია.  მოსახლეობის რაოდენობა, 2023 წლის მონაცემებით, 57 900 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში 73 დასახლებული პუნქტია.  

შავი ზღვის სიახლოვისა და აღმოსავლეთიდან გარშემორტყმული მაღალი ქედების გამო, მუნიციპალიტეტი ხასიათდება სუბტროპიკული ნოტიო კლიმატით, ზაფხულში კი მაღალი ტენიანობით.

განსაკუთრებით კარგი პირობებია ჩაის, ციტრუსის, სიმინდის, ბოსტნეულის, ხილის, სუბტროპიკული ეთერზეთოვანი კულტურების, ბაღჩეულისა და მრავალწლიანი ბალახების წარმოებისთვის. სოფლის მეურნეობის დარგებია: მემცენარეობა, მეხილეობა, მეჩაიობა, მეცხოველეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა. რეგიონში განსაკუთრებით განვითარებულია თხილის კულტურა და საკალმახე მეურნეობა. რეგიონს აქვს წაბლის წარმოების დიდი პოტენციალი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აქვს პოტენციალი ტურისტებს უმასპინძლოს როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში, რადგან ის  გამორჩეულია უნიკალური ზღვისპირა და ალპური ზონის კურორტებით. საქართველოში არსებული სტატუსმინიჭებული სარეკრეაციო კურორტებიდან ერთ-ერთი, ურეკი სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ურეკის გარდა, მუნიციპალიტეტის გამორჩეული მოქმედი კურორტებია ზღვისპირა კურორტი შეკვეთილი და სამთო კურორტი გომის მთა.

ოზურგეთი გვთავაზობს ისტორიის, ბუნებრივი სილამაზისა და თბილი სტუმართმოყვარეობის სასიამოვნო ნაზავს. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დასახლება, ოზურგეთი გამოირჩევა მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს : აჭის ეკლესია (XII – XIV საუკუნეები), ჯუმათის მონასტერი (შუა საუკუნეები), ლიახურის ეკლესია და სამრეკლო (შუა საუკუნეები) და შემოქმედის მონასტერი (შუა საუკუნეები). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 17 სტატუსმინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელთა უმრავლესობა ეკლესიებია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ღირსშესანიშნაობებიდან გამოირჩევა დვაზბუს ეკლესიები, ვანისქედის ეკლესია, ჭალის სამრეკლო, ჭანიეთურის მონასტერი. საერო დანიშნულების ძეგლებიდან კი აღსანიშნავია ვაშნარის ნაქალაქარი (V-VIII სს.), ასკანის ციხე(IV ს.), ლიახურის ციხე და ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობა (1934-1962).

ბუნების მოყვარულები ოზურგეთის შთამბეჭდავი გარემოთი მოიხიბლებიან. მუნიციპალიტეტში  17021 ჰექტარი ტყეს უკავია, რაც ტურისტებს აძლევთ შესაძლებლობას იარონ გურიის აყვავებულ ტყეებში, აღმოაჩინონ დამალული ბილიკები და დატკბნენ მიმდებარე პეიზაჟების პანორამული ხედებით. ტყეში შეხვდებით წაბლს, წიფელს, რცხილას, თხმელას, მოცვს, შქერსა და წყავს. ზღვის დონიდან 700-1700 მეტრზე ფოთლოვანი, ხოლო 1700-2000 მეტრზეწიწვოვანი ტყეებია.

მუნიციპალიტეტი მდებარეობს ნატანებისა და სუფსის მდინარეების აუზებში. მდინარეები მდიდარია თევზებით: კალმახი, წვერა, ორაგული  და ღორჯო.

ოზურგეთი ასევე გვთავაზობს გურიის უნიკალურ ტრადიციებსა და ცოცხალ კულტურას – ცოცხალი ხალხური ცეკვები და შთამბეჭდავი პოლიფონიური სიმღერა, რომლებიც ადგილობრივი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.