Skip links

EU-ს მხარდაჭერით, CENN-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა თემატური მიმართულებით გურიის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების სესიები დაიწყო

CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში გურიის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლების სესიები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, გურიის სამივე რეგიონში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში დაიწყო თემატური ტრენინგების ციკლი. პირველი სამი სესია ნარჩენების მართვის საკითხებზე გაიმართა, რომლებსაც ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის 85 მოსახლე დაესწრო.

საქართველოში გარემოს დაცვის კონსულტანტმა, კახა რუხაიამ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივ მოსახლეობას გაუზიარა თეორიული ცოდნა და გამოცდილება ნარჩენების მართვის სფეროში. სესიები დაეთმო თემებს: ნარჩენის რაობა; ნარჩენის კლასიფიკაცია; რეგულაციები; პასუხისმგებლობა; ნარჩენების თვისობრივი, რაოდენობრივი და გარემოსდაცვითი  ასპექტები; ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები; ნარჩენების აღდგენის შესაძლებლობები; ნარჩენების განთავსების პრაქტიკა და პერსპექტივები.

ტრენინგების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის; ნარჩენების მართვის; მწვანე ზრდის შესაძლებლობებისა და სოფლის ეკონომიკური წყაროების დივერსიფიკაციის; კლიმატგონივრული ჭკვიანი და მდგრადი სასოფლო–სამეურნეო პრაქტიკის; სურსათის უვნებლობისა და წარმოების სტანდარტის; სანიტარიის, ჰიგიენისა და ჯანდაცვის საკითხების მიმართულებებით.

მომდევნო თემატურ ტრენინგებზე დარეგისტრირება შეუძლია გურიის რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ მოსახლეს. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა:

სარეგისტრაციო ბმული ოზურგეთისთვის

https://forms.gle/FadagMADdHspk7QA8

სარეგისტრაციო ბმული ჩოხატაურისთვის

https://forms.gle/botJ6pqzapqG7pYF9

სარეგისტრაციო ბმული ლანჩხუთისთვის

https://forms.gle/Ehn5QqcQ4b388Dbf6  

მონაწილეობის მსურველებს ტრენინგების ზუსტი თარიღების შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირების შემდეგ, უახლოეს დღეებში მიეწოდებათ.

პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG).