კონკურსი ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წევრების შესარჩევად
ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG – Local Action Groups) წარმოადგენენ რეგიონული განვითარების პლატფორმებს, რომლებიც თანამშრომლობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორსა და საჯარო ინსტიტუტებთან. მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ადგილობრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების მხარდაჭერა. LAG-ები მუშაობენ LEADER პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ინიციატივაა და მიზნად ისახავს სოფლად მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებაში და კულტურული თუ ეკოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაში. მათი საქმიანობა ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას.
ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG)
ოზურგეთის LAG-ი შეიქმნა 2024 წლის იანვარში ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – თანამშრომლობით.მიერ განხორციელებული პროექტის „მწვანე გურია — ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ “ ფარგლებში და აერთიანებს 200-ამდე წევრს ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან. LAG-ის წევრების მიერ არჩეული 16 წევრიანი მმართველი საბჭო აერთიანებს სამივე სექტორის – საჯარო, კერძო და სამოქალაქო წარმომადგენელს. საჯარო სექტორი წარმოდგენილია მუნიციპალიტეტისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, კერძო სექტორი – ბიზნესის წარმომადგენლებით, ხოლო სამოქალაქო სექტორი – ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებით.
მმართველი საბჭოს საქმიანობის მიზანს წარმოადგენს:
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის გზით;
- ინკლუზიური და თანასწორობაზე დაფუძნებული სექტორული და ტერიტორიული განვითარების მხარდაჭერა;
- ინოვაციური განვითარების მხარდაჭერა;
- ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის მხარდაჭერა, ევროპის კავშირის, მისი პოლიტიკური ფასეულობების და მართვის პრინციპების პოპულარიზაციის გზით.
ამ ეტაპზე, ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წესდების მე-3 მუხლის შესაბამისად, მიმდინარეობს LAG-ის მმართველი საბჭოს შემადგენლობის განახლება და ცხადდება კონკურსი მმართველი საბჭოს წევრობაზე. კონკურსი ღიაა როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
კანდიდატი:
- უნდა იყოს რეგისტრირებული, ფაქტობრივად ცხოვრობდეს ან/და მუშაობდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
- უნდა იცნობდეს და იზიარებდეს ორგანიზაციის მიზნებსა და წესდებას.
- უნდა ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს LAG-ის საქმიანობაში;
- მზად უნდა იყოს, მონაწილეობა მიიღოს მმართველი საბჭოს შეხვედრებსა და ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში.
წარსადგენი დოკუმენტები
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- წერილობითი განცხადება მმართველი საბჭოს წევრობის შესახებ (განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს კანდიდატისათვის სასურველი ნებისმიერი ფორმით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- რეზიუმე (CV).
სასურველია, განცხადებაში კანდიდატმა მოკლედ მიუთითოს, რატომ სურს მმართველი საბჭოს წევრობა და რა გამოცდილება, ცოდნა ან რესურსი შეუძლია შეიტანოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
განაცხადები მიიღება ა.წ 30 სექტემბრამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: ozurgetilag@gmail.com
ელექტრონული ფოსტის Subject ველში კანდიდატებმა უნდა მიუთითონ შესაბამისი კატეგორია:
- საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა – „კონკურსი – საჯარო სექტორი“;
- ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეთა წარმომადგენლებმა –„კონკურსი – კერძო/სამოქალაქო სექტორი“.
საჯარო სექტორის წარმომადგენლებად განიხილებიან კანდიდატები, რომლებიც დასაქმებულნი არიან სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შექმნილ დაწესებულებებში.
5 ოქტომბრის კვირაში გაიმართება ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წევრთა საერთო კრება, სადაც თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად ეყრება კენჭი და საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები არჩეულნი იქნებიან მმართველი საბჭოს ახალ წევრებად. შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ იმავე დღესვე, ელ.ფოსტის საშუალებით.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 598 16 39 37.

